ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შ.პ.ს. ენგურჰესი
ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. შენდება მდინარე ენგურზე 1961 წლიდან. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მგვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 მგვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მგვტ) და სამი 40-მგვტ სიმძლავრის ჰესი.

კომპანია „ენგურჰესის“ საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „ვარდნილჰესების კასკადი“. შპს „ენგურჰესის“ დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებსაც ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, გარდა წილების პრივატიზებისა და/ან განკარგვის უფლებამოსილებისა, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (2015 წლის ბიზნეს-გეგმა., 2014)

საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა

კომპანიის კაპიტალში სახელმწიფო წილი 100%-ს შეადგენს, რომლის მოცულობაც 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრული იყო 207.9 მლნ ლარით, რომელიც მოიცავს შვილობილი კომპანია შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ წილის ღირებულებასაც - 44 მლნ ლარი. 

აღსანიშნავია, რომ შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებულია და იგი შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული:

✔ დარგში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, წარმოებული ელ.ენერგიის რეალიზების პირდაპირ ხელშეკრულებებზე გადასვლა და ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესება;
✔ ხუთივე აგრეგატის რეაბილიტაცია;
✔ საწარმოს სტაბილურობისა და ელექტროენერგიის წარმოების ზრდა;
✔ საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია;
✔ საოპერაციო ხარჯების მინიმიზაცია და სარემონტო-სამოდერნიზაციო სამუშაოების მხარდაჭერა;
✔ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა;

საწარმოს შემოსავლები უზრუნველყოფს აუცილებელი საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვას, თუმცა დადებით ფაქტორთან ერთად იქმნება გარკვეული სირთულეები: ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების მოთხოვნის თანახმად, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია იფარება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ჰიდროელექტროსადგურებიდან უსასყიდლოდ, რაც ენგურჰესის წლიური გამომუშავების დაახლოებით 37-40%-ს უდრის. ეს მოცულობა ზამთრის და გაზაფხულის თვეებში 70-80%-ს აღწევს.

შპს „ენგურჰესი“ შვილობილ კომპანია შპს „ვარდნილჰესების კასკადთან“ ერთად წარმოადგენს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურს. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ერთიან ელექტროსისტემაში შეადგენს 40%-ზე მეტს. გარდა ამისა, საქართველოში ამჟამად არსებულ ჰესებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი გააჩნია - 1.187 თეთრი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით „ენგურჰესს“ ქართულ ბაზარზე ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად, საწარმოს საუკეთესო ტექნიკური პირობები გააჩნია სეზონში გაცილებით მაღალი ტარიფით ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გასატანად, რომლის ნათელი მაგალითია 2014 წელს 15.4 მლნ. ლარის ღირებულების 128.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის თურქეთის ბაზარზე გატანა.


ენგურჰესის ძირითადი ტექნიკური მონაცემები
ჯამური სიმძლავრე – 1300 მგვტ
აგრეგატების რაოდებობა – 5
წლიური საპროექტო გამომუშავება – 4300 მლრდ. კვტ.სთ.
მაქსიმალური დაწნევა – 404 მ.
საექსპლუატაციოდ გადაცების თარიღი – 1978 წელი.

ენგურჰესმა 1978 წლიდან 2008 წლამდე გამოიმუშავა 81.5 მილიარდი კვტ. სთ ენერგია


ვარდნილჰესების კასკადი:

ვარდნილჰესი I:
ჯამური სიმძლავრე – 220 მგვტ
აგრეგატების რაოდენობა – 3
წლიური საპროექტო გამომუშავება – 700 მლნ. კვტ.სთ.
საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1970 წელი

ვარდნილჰესი – II, III, IV:

ჯამური სიმძლავრე – 120 მგვტ.
აგრეგატების რაოდენობა – 6
წლიური საპროექტო გამომუშავება – 390 მლნ. კვტ.სთ
მაქსიმალური დაწნევა – 11მ.
საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1971 წელი.


ენგურჰესის მშენებლობის ისტორია
საქართველოს მდიდარი ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო.ამ მიზნით მან თავისი შვილიც კი გამოიწვია პეტერბურგიდან საქართველოს მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად საბოლოოდ ყურადღება ენგურზე შეაჩერეს და მისის შესწავლა გადაწყვიტეს.

ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს. მიზეზთა გამო, რაც მშენებლობის სიძვირესაც უკავშირდებოდა, პირველ მსოფლიო ომსაც და მოწვეული ინვესტორების ყოყმანსაც, ამ საკითხვისთვის თანხის დაბანდების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

1913–1914 წლებში იტალიელმა სპეციალისტებმა გამოთქვეს აზრი ენგურზე მცირე სიმძლავრის ჰესის მოწყობის შესახებ, მაგრამ არც ამ პროექტს ეწერა განხორციელება.

1926–1927 წლებში დამუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც მდინარე ენგურზე, სოფელ ვალხორიდან ანაკლიამდე,233 მეგავატი ჯამური სიმძლავრის 13 ჰესი უნდა აგებულიყო, რაც ასევე განუხორციელებელი დარჩა.

მხოლოდ 1930 წელს აიგო გრძივი პროფილი სოფელ ლახამულიდან ჯვარამდე, რის შედეგადაც გამოიკვეთა ენერგეტიკული სიმძლავრის მომცემი ეფექტიანი უბნები.

მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები ხხ საუკუნის 50–იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსრკ–ს "ჰიდროპროექტის" საქართველოს განყოფილებამ დაიწყო მუშაობა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საძიებო და საპროექტო–სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციაზე.

1954 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემისის ენერგეტიკის ინსტიტუტმა დაამუშავა ენგურზე ჰესების კასკადის მშენებლობის სქემა. ამ სქემის მიხედვით ზამთრის პერიოდისათვის გარანტირებული სიმძლავრე მხოლოდ 200 მეგავატი იყო, რაც პროექტის ნაკლად შეფასდა.

1960 წელს "ჰიდროპროექტმა"დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების სქემა.ეგნურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის მიხედვით დაიწყო. საბოლოოდ ენგურჰესის მთლისანი პროექტი შეიქმნა 1965–1970–იან წლებში, მშენებლობა კი 1961 წელს დაიწყო.

ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისათვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშნებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიჩნევდნენ. ოპტიმისტებს მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა, იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას.

1955 წლის პირველ ნახევარში კომპლექსურმა ექსპედიციამ ჩაატარა ენგურისა და მისი შენაკადების ხეობების ბუნებრივი პირობების ჰიდროენერგეტიკული და საინჟინრო–გეოლოგიური გამოკვლევები. ჰიდროგეოლოგიურმა კვლევითმა ექსპედიციამ 50 კაცის შემადგენლობით ფეხით მოიარა სვანეთის მთების ციცაბო კალთები, ენგურისა და მისი შენაკადების კლდოვანი კალაპოტები. მათი მთავარი მიზანი ნიადაგურ–კლიმატური და გეოლოგიურ–ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება იყო.გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რელიეფის არაერთგვაროვნება, სეისმომედეგობის რისკი, გრუნტისა და ნიადაგის მრავალფეროვნება ელექტრომშენებლობისადმი განსაკუთრებულ, არაორდინალურ მიდგომას მოითხოვდა. ენგურჰესის ობიექტი ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ჯვარიდან შავ ზღვაზე.

ენგურჰესის მშენებელი ორგანიზაციები
ენგურჰესის კომპლექსის დამპროექტებელი იყო ჟუკის სახელობის ,,ჰიდრო პროექტის თბილისის განყოფილება – დღევანდელი შპს "ჰიდროპროექტი", მასთან ერთად პროექტის შედგენაში მონაწილეობდნენ მოსკოვის სათავო ინსტიტუტი და მისი უკრაინის განყოფილება, საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტი, "სპეცჰიდროპროექტი",მოსკოვის ჰიდრომონტაჟის საკონსტრუქტორო ბიურო "მოსგიდროსტალი", "ორგენერგოსტროისა" და ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტები,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტი და ბევრი სხვა სამეცნიერო დაწესებულება.

ენგურჰესის მშენებლობასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში ასევე უამრავი ორგანიზაცია ჩაება, მათ შორის – "საქჰიდროენერგომშენი", "ენგურჰესმშენი","კაშხალმშენი","სპეცჰიდროენერგომონტაჟი", "ჰიდროელექტრომონტაჟი", ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველო და სხვ.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved