ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კონფერენცია - ევროკავშირისკენ სწრაფვა და ვაჭრობის მექანიზმი
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კონფერენცია „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი-ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექნიზმი“ გახსნა. 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც პროგრამა USAID-ის მეშვეობით უკვე ოც წელზე მეტია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა დარგების და მათ შორის ენერგეტიკის დარგის განვითარებაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ USAID-ის ახალი პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) ფარგლებში დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის მიზანს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს არსებობა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.  შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით წარმატებული საქმიანობის უზრუნველყოფა.

სანამ უშუალოდ გადავალ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარ თემაზე, ნება მომეცით გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ და ხაზი გავუსვა იმ ფასდაუდებელ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა გაუწია საქართველოს ენერგოსექტორს სხვადასხვა დონორებისა და საფინანსო და პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით.   

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაა “სწრაფვა ევროკავშირისაკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი”. საქართველო, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის  პროცესების მონაწილე, აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. 
რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაცია, შიდა ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა- სწორედ ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს თანამშრომლობა ევროკავშირთან სხვადასხვა ფორმატში. ხაზგასასმელია “ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების”, “ასოცირების შეთანხმებისა” და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” ფარგლებში წარმატებით ჩატარებული და მიმდინარე მოლაპარაკების პროცესები.

აღნიშნული მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით შემუშავებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი  და თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდია ინვესატიციები ამ დარგში არამხოლოდ უცხოელი ინვესტორების მხრიდან ასევე, ძალიან გააქტიურებულია ადგილობრივი ბიზნესი, საბანკო სექტორი, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში მოღვაწე ბანკებს, ძალიან დიდი მადლობა  თი-ბი-სი ბანკს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რადგან მოხდეს იმ რესურსების ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. საქართველო საკმაოდ მდიდარია თავისი რესურსებით და ჩვენ  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ ეს რესურსები რაც შეიძლება მალე ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის , ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. 

თქვენ იცით, რომ მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩართულია შესაბამისი რეფორმების განხორციელების პროცესში. ჯგუფი ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, “ბაზრის ოპერატორის“  და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის სიმულაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება ახალი ბაზრის მოდელის განსაზღვრა და მასზე ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ გადასვლა.

ყოველივე ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონული ბაზრების ინტეგრაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას და სამომავლოდ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმატებით ჰარმონიზაციას ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სისტემასთან. 
დასასრულს, იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ არსებული ენერგეტიკული გამოწვევბისათვის თვალის გასწორებას.“ - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ინიციატივით ტარდება. 

კონფერენციაში მონაწილეობენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოს ჰერმანი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,  ენერგეტიკული კომპანიების,  ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ასევე,  კერძო ჰესების დეველოპერები/ინვესტორები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები.

კონფერენციაზე განიცილავენ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და ასოცირების ხელშეკრულების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებს როგორიცაა:  ევროკავშირის დირექტივების შესრულების მგდომარეობის ანალიზი, ენერგოუსაფრთხოება და მდგრადობა,  ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი და  სექტორის განვითარების სხვა ძირითადი მიმართულებები. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved