ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
“მტკვარი ჰესის” პროექტი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.

გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მტკვარი ჰესის სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება.

მტკვარი ჰესის პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პროექტი სათავეს იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობიდან, რომელიც თავს უყრის სისტემურ ნაგებობებს მათ შორის: ფსკერულ წყალსაგდებს, თევზსავალს, კაშხალს და წყალმიმღებს. პროექტის შემდგომი ნაწილია სადერივაციო გვირაბი - რომელიც აკავშირებს ჰესის სათავე ნაგებობას ჰესის შენობასთან. ჰესის შენობა აღჭურვილია ფრენსისის ტიპის ორი ტურბინით და გამყვანი არხით - საიდანაც ჰესში შემავალი წყალი, სოფელი ზიკილიას მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მდინარე მტკვარის კალაპოტს უბრუნდება.

მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

„მტკვარი ჰესის“ ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved