ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ნათია თურნავა: „აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში და მათი სამომავლო პერსპექტივები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ორ უწყებას შორის საუბარი შედგა ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე, რადგან საქართველო ძალიან სწრაფად ავითარებს თავის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახალ გენერაციის ობიექტებს. 

„მე გავაცანი ჩემს კოლეგას ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროხაზის გაყვანას, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან. პროექტს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მნიშვნელობა, კომერციული მიმზიდველობა მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მასში მიიღებს მონაწილეობას რეგიონი და მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც არის ჩვენი საიმედო პარტნიორი, რადგან მონაწილეობს ჩვენი ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში იმ პერიოდებში, როდესაც საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved