ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგეტიკული რეფორმების უმნიშვნელოვანესი ეტაპია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი USAID-ის ენერგეტიკული სასწავლო კურსის „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობისა და რისკების მართვა“ მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იმ კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს. უშუალოდ ბირჟის დაფუძნება, რომლის საქმიანობა მალე აქტიურ ფაზაში გადავა, ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რეფორმის სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებლები არიან სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და სს „სისტემის კომერციული ოპერატორი“, 50-50 პროცენტიანი თანამონაწილეობით. ენერგეტიკულ ბირჟას კონსულტაციას უწევს და პროგრამულად უზრუნველყოფს ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია “ნორდ პულ კონსალტინგი”.

წყარო: https://bit.ly/2vPAjM7
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved