როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ხელმოწერას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დაესწრო. საპარტნიორო ფონდის ახალი მენეჯმენტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა არსებული პროექტის განსახორციელებლად და დღეს ფონდისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევით, მხარეებს შორის ყველა საკითხი შეთანხმებულია.
ირაკლი კოვზანაძის განცახდებით, მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ენერგოისტორიაში პირველად ხორციელდება და ეს პროექტი იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა გენერაციის ახალი წყაროების შექმნის კუთხით.
თბოელექტროსადგურს, რომელიც "ჯენერალ ელეკტრიკის" ორი უახლესი ტურბინით იქნება აღჭურვილი, საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, 25-30 წუთის მანძილზე ჩაერთოს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში, დაიცვას ენერგობალანსი და სისტემის მდგრადობა.
საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა, წარმოება) ენერგეტიკა პრაქტიკულად ყველაზე ინვესტიციატევადი და შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, საპარტნიორო ფონდის ძალისხმევით, ყველა საშუალება იქნა გამოყენებული, რათა ეს უპრეცენდენტო მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი მკაფიოდ განსაზღვრულ და მხარეებისთვის ერთნაირად ხელსაყრელ ვითარებაში განახლებულიყო.
გარდაბნის ახალი კომბინირებული ციკლის 230 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ზამთრისათვის იგეგმება.